ნატა ნოზაძე

ნატა ნოზაძე თიბისი დაზღვევის UI/UX დიზაინერია და პარალელურად, ფრილანს პროექტებსაც უძღვება. ამ სფეროში მისი კარიერა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია GeoLab-ში ვებდიზაინის კურსის გავლით იწყება, რომლის დამთავრების შემდეგაც, „ჯეოლაბისვე“ UI/UX დიზაინის კურსზე ლექტორის ასისტენტის სტატუსით ჩაერთო. მანამდე, გრაფიკული დიზაინიც მოსინჯა, თუმცა თავდაპირველი პროფესიით ფსიქოლოგმა - ადამიანებზე დაკვირვების სიამოვნებას, ესთეტიკის სიყვარულსა და სიმარტივის მნიშვნელობას თავი ამ საქმიანობაში მოუყარა და კომპეტენციად აუდიტორიისთვიის საუკეთესო ვიზუალურ-ტექნიკური გადაწყვეტების მოფიქრება გაიხადა. თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და გამოყენების კუთხით, თბილისის კომუნიკაციის სკოლის UX Research & Design-ის კურსი კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა. რაც შეეხება თიბისი დაზღვევასთან თანამშრომლობას, მობაილაპის რედიზაინზე იმუშავა, ამჟამად კი, გაყიდვების მთავარი ვებგვერდის რედიზაინს აკეთებს - On.tbcinsurance.ge. ნატას მიაჩნია, რომ ხშირად შეიძლება, UI/UX დიზაინერი ცდუნების წინაშე აღმოჩნდეს და გამოსავალი სუბიექტურ განცდებში ეძებოს, თუმცა ამ პროფესიის მთავარი გამოწვევა და ხიბლიც ხომ სწორედ ეგაა?! - ამ „ხაფანგთან“ გამკლავება და თითოეული დეტალის პოტენციური მომხმარებლის პერსპექტივით აღქმა.