მე ვარ ის ნინია და ეს ამბავიც ჩემი გზის ნაწილია.
ზოგისთვის უბრალოდ სახელი, ვიღაცისთვის უკვე DJ, შვილისთვის დედა და ის ადამიანი, რომელიც ყველა ბრძოლას თუ ამბავს ბედნიერად დაასრულებს. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა არის ისტორია, რომელსაც იშვიათად ვყვები. დედა ხუთი წლის ასაკში დავკარგე, მაშინ როდესაც ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ უნდა მცოდნოდა, მამაც არ მყავდა გვერდით. მარტო მომიწია იმ გზის გავლა, რომელსაც ოჯახის სითბო და მხარდაჭერა სჭირდებოდა. ეს რთული გზა გახდა მიზეზი, რატომ ვარ ახლაც საკუთარი თავის ძიების პროცესში. იმ პატარა გოგოს ძიების, რომელიც მაშინ მხოლოდ არსებობას სწავლობდა, და იმ ქალის, რომელიც საკუთარ წესებს შექმნის.
თვრამეტი წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ. ნულიდან დავიწყე ცხოვრება და მოვხვდი ყველასთვის საყვარელ და ჩემთვის ჯადოსნურ სერიალში — „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ჩამოვყალიბდი იმ ადამიანად, ვინც ახლა ვარ. ვიმუშავე თითქმის ყველა პოზიციაზე. ვიყავი მსახიობი, მხატვარი, რეკვიზიტორი, კლაპერი, რეჟისორის ასისტენტი, ფროდაქშენ მენეჯერი და ერთი დიდი ოჯახის წევრი. სერიალის დასრულების შემდეგ რამდენიმე პროფესია მოვსინჯე. პიარი, მარკეტინგი, გაყიდვები თუმცა ჩემს გულს ყოველთვის მუსიკისკენ მივყავდი. დღეს ვმუშაობ ტელეკომპანია „ფორმულა“-ში. პირდაპირი ეთერის პულტის მართვის ინჟინერი ვარ. ვაკონტროლებ გადაცემის დაწყებას, რეკლამებზე გასვლას, სტუდიის ეკრანებზე გამოსახულებებს… თუმცა მუსიკა ყოველთვის იყო და არის ის, სადაც მე საკუთარ თავთან ვდგავარ პირისპირ.

მუსიკა ჩემთვის სასიამოვნოდ გატარებული დრო არაა. არც საქმიანობა. არც განწყობისთვის ჩართული ფლეილისთი. მუსიკა — ეს მე ვარ. დილა, შუადღე, საღამო, შუაღამე, როგორც ჰაერი. ბავშვობიდან დავდიოდი ინსტრუმენტიდან ინსტრუმენტზე. ვმღეროდი გუნდში, მგალობელიც კი ვიყავი. ყველაფერში მუსიკა იყო. ყველა ხმა, ყველა ჩუმი ხმაური. არ ვიცი, როგორ ვთქვა ისე, რომ გაზვიადებულად არ ჟღერდეს, მაგრამ მუსიკის გარეშე უბრალოდ არ ვარსებობ. ეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია წამებში შემიცვალოს განწყობა. მუსიკით ვმართავ საკუთარ ემოციებს. მოკლედ რომ ვთქვა — მუსიკა ჩემი გულია და 303Hz-მა ამ გულს სული შთაბერა.
მიუხედავად იმისა, რომ დიჯეის საქმიანობა ტექნიკურად რთულად და უცხოდ მეჩვენებოდა, არ მეპარებოდა ეჭვი საკუთარ თავში — უბრალოდ ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე იმ დიდ მუსიკოს მეგობრებს შევუერთდებოდი, ვისთანაც ვიზრდებოდი და ვისაც გულით ვაფასებდი. მოკლედ, მიზეზიც ბევრი იყო და საბაბიც, მაგრამ გავბედე და შოთიკოს (სუმო) ვუთხარი:
— ისე, მე რატომ არ ვუკრავ?
— რავიცი აბა, რატომ არ უკრავ?
— არ ვიცი… მასწავლე და დავუკრავ!
სუმო არამარტო მასწავლებელი, არამედ ჩემი საყვარელი მუსიკოსი და მეგობარია. ახლა უკვე ბიძგის მომცემი ადამიანიც. სწორედ ასე დავიწყეთ. 303-Hz ჩემი მუსიკალური სახლი, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ეს არის სივრცე, რომელიც იქამდე გაბრუებს მუსიკით, სანამ თვითონ არ ისწავლი დაკვრას. ყველაზე პროფესიონალი მენტორები, ყველაზე სანდო გარემო და გუნდი, რომელიც პირველივე დღიდან ზღაპარში გაცხოვრებს.
დავიწყეთ ვინილებით — ყველაზე ჯადოსნური მომენტი იყო, პირველად რომ შევეხე ფირფიტას და ფირსაკრავს. ეს პერიოდი ნამდვილად იყო ყველაზე სასიამოვნო გზა, რაც კი ცხოვრებაში გამივლია.
მუსიკა ჩემში იწყება. როგორც პულსი. როგორც სუნთქვა. ემოცია, რომელიც სიტყვად ვერ იქცევა, მაგრამ მთელი სხეულით ჟღერს. როცა ვუკრავ არაფერს ვმალავ. არც ფიქრებს, არც მუხტს, არც შიშს. მუსიკა ბოლომდე მაშიშვლებს მსმენელის წინაშე და ეს სიშიშვლე არაა მარტივი. ესაა პასუხისმგებლობა. რეალური, ემოციური. ყოველი სეტის შემდეგ თითქოს საკუთარ თავს თავიდან ვიცნობ. ეს იმ ემოციას ჰგავს, პირველად რომ შევეხე ფირფიტას. აქ ვიპოვე საკუთარი თავი და მუსიკაში თავიდან დავიბადე.

დღეს, როცა სცენაზე ვდგავარ და მყავს ჩემი მსმენელი, იმ ზღაპარს გავს, რომლის ბოლოსაც ყველაფერი კარგად მთავრდება. სწორედ ამიტომ, ჩემი გეგმები ძალიან დიდია. მუდმივად ვმუშაობ საკუთარი თავის განვითარებაზე, მუსიკას დიდ დროს ვუთმობ და მჯერა ეს შრომა დამიფასდება. არ ვიცი, ალბათ ძალიან ამბიციური განაცხადია, მაგრამ გეტყვით — ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მუსიკა და სახელი საქართველოს საზღვრებსაც გაცდება.
როცა გზას არავინ გაკვალავს, თავად უნდა გაიკვალო.
ეს გზა იყო რთული, მაგრამ ჩემი. და დღეს, როდესაც ვუკრავ, ზუსტად ვიცი — სწორად მოვედი. ნინია ბარიშვილი