HAMATSKUI

მუსიკა კვებავს ჩემს ემოციებს - გივი მუმლაძე (Obsqor)

2024-07-25 17:45:34

გივი მუმლაძე, პროდიუსერი. 303Hz - ის კურსდამთავრებული.
კურსი: Music Production
მენტორები : ლაშა ნიკოლეიშვილი და გიორგი აროშვილი


   -  "მუსიკა მთელი ცხოვრების განმავლობაში კვებავს ჩემს ემოციებს და სულის იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკურ სხეულში ბედნიერების ჰორმონის წარმოქმნაზე არის პასუხისმგებელი.

  მუსიკისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან იწყება. ცხოვრების ყველა ეტაპზე ვარჩევდი იმ ჟანრს, რომელიც იდეალურად ეწყობოდა  ჩემს იმდროინდელ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. მრავალი ეტაპი გავიარე.

 სანამ 303Hz-ზე ვისაუბრებდე, მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეთ, რათა ნათლად დაგანახოთ მისი როლი ჩემს მომავალ კარიერაში.

2016 წელს ჩემმა ბავშვობის მეგობარმა (gugasensei) მაჩვენა პროგრამა, რომლის საშუალებითაც შემეძლო სრულიად ახალი მუსიკის შექმნა, რამაც ჩემში აღფრთოვანება გამოიწვია.

 სახლში მისვლისთანავე  ჩავიწერე და  იმ ღამით დროის შეგრძნება დავკარგე.  დღემდე მახსოვს ის ემოცია, რაც დილამდე მუსიკის შექმნაზე მუშაობამ მომანიჭა. ამის შემდეგ, დავიწყე ინტერნეტში მასალის მოძიება და სწავლა, მაგრამ ეს ცოდნა საკმარისი არ იყო.  აპარატურისა და ტექნიკური უზრუნველყოფის არარსებობის გამო, ჩემი პროექტები ქრებოდა და თითოეულ მათგანს მიჰყვებოდა ჩემი ენთუსიაზმის რაღაც ნაწილი. საბოლოო ჯამში იქამდე მივედი, რომ წელიწადზე მეტი დრო გავიდა ისე, რომ მუსიკა არ დამიკრავს (2022). ამ პერიოდში ვიცოდი 303Hz-ის არსებობის შესახებ და დიდი სურვილი მქონდა მივსულიყავი და დავბრუნებოდი მუსიკას. 

  მოკლედ, 2023 წელს დავისახე მიზანი, რომ წლის ბოლომდე მოვასწრებდი სახლში პატარა სტუდიის მოწყობას და 2024 წელს შევიდოდი 303Hz-ში. მიზანს მივაღწიე. (ამაში სპორტი დამეხმარა).

წლების განმავლობაში მიგროვდებოდა  პასუხგაუცემელი კითხვები. განსაკუთრებით ბოლო წელს და თან წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა სწავლის იდეალური პროცესი.

 303Hz-ში პირველივე ლექციამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა... 

ამავე ლექციაზე ჩემში დაგროვილი კითხვების დიდ ნაწილს მენტორმა (ლაშა ნიკოლეიშვილი) კითხვების დასმის გარეშე გასცა პასუხები.   მას მაგალითები ზუსტად იმ ტრეკებიდან მოჰყავდა, რომლებიც წარსულში დიდ როლს ასრულებდა ამ კითხვების გაჩენაში. ყოველდღე უდიდესი ცოდნა მიმქონდა სახლში. ხოლო იმან, თუ როგორი მონდომებით ცდილობდნენ ლაშა ნიკოლეიშვილი და გიორგი აროშვილი, იმას რომ თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გაეზიარებინათ ჩვენთვის, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩინა. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველა გაკვეთილზე მიმეტანა კარგი პროექტი, რათა მათი შრომა  დამეფასებინა.  შევძელი და ჩემს  გაფანტულ ცოდნას ერთ ადგილას მოვუყარე თავი. ამრიგად ვთვლი,  რომ 303Hz-ში მისვლა იყო ჩემი მუსიკალური კარიერისკენ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს სამომავლო პროფესიონალიზმში, სწორედ ეს ლექციები დიდ როლს ითამაშებს.