შემოქმედებითი გზა - რატი ლეჟავა
მუსიკა არ არის უბრალოდ ხმები და რითმები, ეს არის ჩემი ბუნებრივი გარემო. როდესაც იზრდები ოჯახში, სადაც დედა და და თავად არიან მუსიკოსები, მუსიკა უბრალოდ ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. ის არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჰობი ან გასართობი, ეს იყო ენა და საშუალება, რომლითაც ვამყარებ კომუნიკაციას. ყოველთვის მინდოდა სცენაზე დგომა და მუსიკით ხალხის გაბედნიერება, მათში ემოციების გაღვიძება, გართობის, მოძრაობისა და ენერგიის გაზიარება.
როცა სხვადასხვა არტისტს ვუსმენდი და ვხედავდი, როგორ ცვლიდნენ საკუთარ ენერგიას და ქმნიდნენ ბედნიერებას Dance floor-ზე, მეც გამიჩნდა სურვილი, ამ ყველაფრის ნაწილი გავმხდარიყავი. ელექტრონულ მუსიკასთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო განსაკუთრებული და გარდამტეხი. პირველად, როცა მოვუსმინე ტექნოს ჰიპნოტურ რითმებს და მის ენერგიული, მაგრამ ამავდროულად დეტალურ სტრუქტურებს, მივხვდი, რომ ეს იყო ის ჟანრი, რომელშიც საკუთარ თავს ყველაზე კარგად ვხედავ და თავისუფლად ვგრძნობ.

ჩემი პროფესიული ზრდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დიჯეინგის კურსის გავლა 303Hz-ში. ეს სივრცე ჩემთვის აღმოჩნდა არა მხოლოდ სწავლების ადგილი, არამედ გარემო სადაც მუდმივად მხარს გიჭერენ. სადაც ვიპოვე ჩემი ადგილი და გამოვიმუშავე ტექნიკური უნარები, საკონცეპტო აზროვნება და ასევე სცენის ფსიქოლოგია. 303Hz-ის გუნდსა და მენტორებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მუსიკალურ განვითარებაში, რაც მნიშვნელოვნად გამოიხატება თითოეულ სეტში.
ბერლინში გატარებულმა პერიოდმა ჩემი შემოქმედება ახალი გზით წაიყვანა. ამ ქალაქმა, თავისი მდიდარი ელექტრონული მუსიკის კულტურით, ღია და თავისუფალი მიდგომებით - უამრავი რამ მასწავლა, როგორც მუსიკალურად, ასევე პიროვნულად. ბერლინში რამდენიმე დეითი მქონდა, სადაც შევძელი ჩემი ინსპირაციების რეალიზება და აუდიტორიასთან ნამდვილი კავშირის დამყარება. ეს გამოცდილება დაემთხვა შემოქმედებით ზრდას და მნიშვნელოვნად დაეტყო ჩემს მუსიკალურ გემოვნებას.
დღესდღეობით ჩემი სეტები კონცენტრირებულია ტექნოზე, რომელიც ჰიპნოტურ groove-ებსა და დინამიურ რითმებს აერთიანებს, ხშირად კი მელოდიური ელემენტებით გამოირჩევა. ჩემთვის მუსიკა არ არის უბრალოდ ფონური ხმა, ეს არის ერთგვარი გამოცდილება, რომელსაც მსმენელი შინაგანად გრძნობს. ჩემი მიზანია, რომ თითოეული სეტი - იყოს არა მხოლოდ ცეკვის მიზეზი, არამედ ემოციური მოგზაურობა.

ყოველდღიურად ვეძებ და ვუსმენ ახალ მუსიკას. ეს პროცესი ჩემთვის ისეთივე საჭირო და მნიშვნელოვანი გახდა, როგორც თავად დაკვრა. მუდმივად ვცდილობ გავეცნო ახალ ჟღერადობებს და არტისტებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, მუსიკა არის ჩემი კომუნიკაცია სამყაროსთან და იმ ადამიანებთან, ვინც მსგავს ენაზე საუბრობს. სწორედ ამ გზით ვქმნი კავშირს.