HAMATSKUI

მუსიკის წარმოების 6 ეტაპი

2021-12-02 01:47:23

 

თუ თქვენ ახალი ხართ იმ სამყაროში, რასაც მუსიკა და მისი შექმნა ჰქვია, მაშინ ეს სტატია გარკვევით აგიხსნით სხვადასხვა ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიაროთ მუსიკის შექმნისას და დაგეხმარებათ ამ პროცესის ორგანიზებაში.

დღევანდელ მუსიკის სამყაროში ერთადერთი წესი მოქმედებს, - არ არსებობს წესები! თამამად ჩაწერეთ, რაც გინდათ და გამოიყენეთ ნიმუშებად ანუ “სემპლებად” (Samples). სცადეთ ეფექტების ავტომატიზაცია სურვილის მიხედვით, შეურიეთ რიტმები და ჟანრები, რათა შექმნათ ბითები და მელოდიები, რომლებიც უფრო შორს მიდიან და ქმნიან მუსიკის ახალ კატეგორიებს, ჟანრებს.

მხოლოდ იმიტომ, რომ მუსიკაში ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ, არ ნიშნავს, რომ სრულიად ქაოტურად და არაბუნებრივად ქნათ ეს.

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის მუსიკას ქმნით, მთავარია გსურთ, რომ ის კარგი იყოს. რა თქმა უნდა გინდათ სხვებმა სიამოვნებით მოუსმინონ თქვენს ტრეკებს, გაიგონ მესიჯი ნათლად და არ შეწუხდნენ ცუდი ჩანაწერით ან სუსტი ჟღერადობით. მუსიკის შექმნის პროცესი, შეფ-მზარეულის მიერ კერძის იმპროვიზაციით მომზადებას ძალიან ჰგავს, რომელსაც აქვს ინგრედიენტებით სავსე სამზარეულო. უამრავი გზა არსებობს შესანიშნავი კერძის შესაქმნელად, თუმცა მთავარი გამოწვევა ამ ინგრედიენტების ერთმანეთთან სწორად შეთავსებაა. 

ამ ბლოგის მიზანია დაგეხმაროთ თავიდან ბოლომდე მუსიკის შექმნის პროცესის გაგებაში, შეძლოთ და შექმნათ ტრეკები, რომლებიც აკმაყოფილებენ ხარისხის სტანდარტს და ადამიანები მათ შეაფასებენ როგორც „კარგ მუსიკას“, მიუხედავად სტილისა და ჟანრისა. ყოველი სტატიით შევეცდებით შემოგთავაზოთ ფიქრის ახლებური გზები, საინტერესო მიდგომები და გადაწყვეტები. ასე, ნამდვილად უფრო ადვილი იქნება ხარისხიანი ტრეკის შექმნა და მისი დახმარებით, თქვენ, მიაწვდით შეტყობინებას მსმენელს სწორედ ისე, როგორც გქონდათ ეს დაგეგმილი.

დავიწყოთ მუსიკის წარმოების პროცესის განსაზღვრა და გამოვყოთ მისი ექვსი ძირითადი ეტაპი:

1. Songwriting - დაწერა
2. Arranging - არანჟირება
3. Tracking - ჩაწერა
4. Editing - რედაქტირება
5. Mixing - მიქსინგი
6. Mastering - მასტერინგი

მივყვეთ და განვიხილოთ თითოეული ეტაპი სათითაოდ.


 

Songwriting - დაწერა

რას ნიშნავს მუსიკის დაწერა? ეს შესანიშნავი კითხვაა, მოდით ვთქვათ, რომ ეს გახლავთ მუსიკალური იდეების გაერთიანების პროცესი, რათა შეიქმნას თანმიმდევრული მელოდიის, ჰარმონიისა და რიტმის უფრო ვრცელი სტრუქტურა. ეს არის ე.წ “ბრეინშტორმინგის” პროცესი, რომელიც ავტორის გონებაში აყალიბებს მუსიკის დასაწყისს, შუა ნაწილს და დასასრულს.

რა განაპირობებს კარგი მუსიკის არსებობას? ეს ასევე ძალიან საკამათოა, მაგრამ ბუნებრივი და ლოგიკური კითხვაა, რომელსაც ალბათ თქვენც დასვამდით. კარგი მუსიკა შინაარსობრივად დამოკიდებული იქნება მსმენელზე და იმაზე, თუ რას ელოდებიან ისინი თავად მუსიკისგან. სრულიად სუბიექტურია, თუმცა, ალბათ კარგი მუსიკა არის ის, რომლის მელოდია, ჰარმონია, რიტმი, დასაწყისი, შუა და დასასრული სასიამოვნოდ ცნობადი სახით იქნება შედგენილი. 

მოდი ვთქვათ, რომ კარგი მუსიკა ვითარდება, წინ მიიწევს და მსმენელს ატარებს მოულოდნელობებით სავსე ბილიკზე. ასევე კარგია სიმღერა, როცა მელოდია (რასაც მომღერალი მღერის) შეესაბამება ჰარმონიას (რასაც უკრავს გიტარა, ბასი და სინთები) ისე, რომ ეს ყველაფერი ერთად ყურისთვის სასიამოვნოდ ჟღერს. კარგია მუსიკა, რომელიც ეხმარება მსმენელს მოსმენილთან შეგუებაში და განიცდის აკორდის პროგრესირებას შემდეგ გადასვლამდე. ცხადია, რომ კარგი მუსიკის რიტმულობას და გრუვს, მსმენელი ფეხს აუცილებლად აყოლებს, მიუხედავად იმისა უკრავს თუ არა დრამერი.

ბევრი ადამიანისთვის მუსიკის წერის პროცესი დაკავშირებულია ჩაწერასთან, რადგან ისინი იწყებენ დრამის ლუპით, მას აყოლებენ მელოდიას, ჰარმონიას. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს განსხვავებული მეთოდი, რომელსაც იყენებს მომღერალი/სიმღერების ავტორი, რომელიც ზის თავისი გიტარითა და ნოუთბუქით მელოდიის მოსაფიქრებლად, შედეგი მაინც ერთი და იგივე პრინციპის მიხედვით უნდა შეფასდეს: არის თუ არა მელოდია და ჰარმონია საკმარისად მიმზიდველი, რომ დარჩეს მსმენელის თავში, სიმღერის დასრულების შემდეგ? ინარჩუნებს თუ არა ტრეკი თქვენს ყურადღებას პროგრესირებისას და განვითრებისას? საკმარისად რიტმული არის, თუ არა?

თუ თქვენი მუსიკის იდეა ზედმეტი ეფექტებისა და ინსტრუმენტების ჩაწერის გარეშეც კი დასაწყისშივე კარგად ჟღერს, ესეიგი სწორ გზას ადგახართ. 


Arranging - არანჟირება

მუსიკალური წარმოების ყველა ეტაპიდან, არანჟირება ალბათ ყველაზე ნაკლებად გასაგები და ყველაზე უგულებელყოფილია. როდესაც სიმღერას აქვს კარგი ბიტი და მელოდია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ იგივე მეორდება, ეს ჩვეულებრივ არანჟირების პრობლემაა. არანჟირება მუსიკის საინტერესოდ მოსასმენად გადაქცევის ხელოვნებაა.

ძალიან მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მუსიკის არანჟირება ეხება ინსტრუმენტების შერჩევას, რომლებიც უკრავენ თითოეულ მონაკვეთში/სექციაში - როგორ არიან ისინი "აწყობილი" - და როგორ არის მოწყობილი და დალაგებული ეს მონაკვეთები მთლიანი მუსიკის “თაიმლაინზე” ანუ დროის ხაზზე, დასაწყისიდან დასასრულამდე.

თუ თქვენ დაწერეთ შესანიშნავი ტექსტი და ჩაწერეთ ვოკალი, საკმარისი არ არის მხოლოდ მისი გამეორება, საჭიროა რაიმე სახის ცვლილების და სიახლის შემოტანა. მაგალითად, პირველ ნაწილში ჟღერს მხოლოდ გიტარა და ვოკალი, მეორეში უკვე ბასი იწყებს შემოსვლას, თანდათან სინთები და მელოდიური ჰარმონიებიც ემატება. 

მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ შემოიტანეთ რაიმე ინსტრუმენტი, არ ნიშნავს რომ ის იქ უნდა დარჩეს მთელი დროის განმავლობაში. იქნებ ზოგჯერ უბრალოდ უკეთესია მონაკვეთი, რომელიც უკრავს მხოლოდ მარცხენა მხარეს მუსიკის პირველი ნახევრის განმავლობაში და შემდეგ მეორე ნახევარი ეს საუნდი ისმის სტერეოში? შესაძლებლობები უსასრულოა. რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი უნდა მოძრაობდეს. დახვეწილმა დამატებებმა და გადასვლებმა, შეიძლება მსმენელებს დიდი ინტერესი მოუტანოს, მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ ისინი ამას თუ არა.

ასევე ჩნდება კითხვა, რამდენი სექცია უნდა იყოს? განსაჯეთ გრძნობების მიხედვით. ჩვეულებრივ შეგიძლიათ იგრძნოთ, როდესაც ესა თუ ის მონაკვეთი მიაღწევს თავის საზღვრებს, ან თუ გჭირდებათ რაღაცის შეცვლა, რათა შეინარჩუნოთ მსმენელის ინტერესი. ინსტრუმენტები უნდა შემოდიოდეს და გადიოდეს, ენერგიით აღსავსე ემოციები დროდადრო უნდა იგრძნობოდეს. ასევე ჰარმონიის დონეების მოწყობა და აკორდებით გახმოვანება არანჟრირების განუყოფელი ნაწილია.

როდესაც არანჟირებაზე ფიქრობთ, ჯერ ეცადეთ გამოყოთ ერთი ან ორი ელემენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მუსიკაში და რაზეც გსურთ, რომ მსმენელმა ყურადღება გაამახვილოს. შემდეგ მოუსმინეთ და საკუთარ თავს ჰვეკითხეთ: კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ მის გასაუმჯობესებლად? სხვა რამე ხომ არ სჭირდება? ხანდახან სწორი პასუხია უბრალოდ დატოვება. სწორედ იმის ცოდნა, თუ როდის რა უნდა დატოვოთ და გააუმჯობესოთ, არის ის, რაც დიდ პროდიუსერობაზე მიუთითებს.



 

Tracking - ჩაწერა

ვინაიდან ჩაწერის პროცესი შეიძლება ბევრ რამეზე მიუთითებდეს, ჩვენ ამ ეტაპს ვუწოდებთ „თრექინგს“ და მისი მიზანია მუსიკის შესრულების “ხელში აღება”, კონტროლზე აყვანა, ასე ვთქვათ.

ამ ეტაპზე, ჩვენ შემოგვყავს სხვადასხვა ინსტრუმენტები და ვიყენებთ ხელსაწყოებს.

ის, რაც მუსიკას ხელშესახებს ხდის, არის მისი ჩანაწერი ანუ არსებობა დროის გარკვეულ მომენტში. ლაივში დაკვრისას ბუნებრივია, რომ მსმენელსა და არტისტს შორის კომუნიკაცია მყარდება, მაგრამ ეს არ იქნება ხელშესახები, რადგან მუსიკა გაქრება მისი დასრულების შემდეგ. მოკლედ, ყველა ის იდეა, რაც თავში გვაქვს გაფანტული, ინსტრუმენტების ჩაწერის შემდეგ უკვე ხდება ცოცხალი და ხელშესახები. მუსიკის წარმოების ამ ეტაპზე, სწორედ ეს ხდება, უკვე იდეის დონეზე კი აღარ გვაქვს ჩვენი არანჟირება, არამედ ვქმნით ჩანაწერებს. ეს აღწერს სიმღერას ფორმატში, რომლის მოსმენაც შესაძლებელი იქნება მუდმივად ნებისმიერ დროს, სურვილისამებრ.

ტრეკინგი არის სხვადასხვა ინსტრუმენტების ჩაწერის პროცესი, რომლებიც გამოიყენება მუსიკაში, მის შესასრულებლად.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვიფიქროთ ჩვენი მუსიკის “ხელში აღებაზე” და კონტროლზე აყვანაზე, როგორც ცალკეულ პროცესზე, და რით განსხვავდება ეს ეტაპი წერის პროცესისგან? ვიცოდეთ, რომ მუსიკის წერის დროს სხვა სახის აქცენტი კეთდება, ვიდრე შესრულებისას. როდესაც წერთ, გინდათ, რომ თქვენი გონება თავისუფალი იყოს ყველა სახის ახალი ასოციაციისგან, ასე რომ თქვენ ექსპერიმენტებს აკეთებთ ყოველგვარი რედაქტირების გარეშე. თუმცა, შესრულებისას, თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი გონება, თანმიმდევრულად და სწორად ჩაწეროთ თითოეული ინსტრუმენტი, ვოკალი, ჰარმონია და მელოდია. 

რა თქმა უნდა შესაძლებელია წერის და ჩაწერის პროცესი ერთდროულად წარიმართოს, თუმცა უმჯობესია, რომ ამ ატაპზე, როგოც ცალკეულ დამოუკიდებელ პროცესზე კონცენტრირდეთ. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩანაწერს აკეთებთ, იფიქრეთ მხოლოდ მასზე და სხვა არაფერზე.


Editing - რედაქტირება

ციფრული რედაქტირების შესაძლებლობებმა ყველაფერი გააადვილა ისე, როგორც არასდროს. უმჯობესია, რომ რედაქტირებისთვის ხელსაწყოები გამოიყენოთ როგორც სარეზერვო და დამხმარე საშუალებები მუსიკის შექმნის პროცესში და ეცადეთ თავიდანვე ხელოვნურად არ წარმოქნათ ამ ეტაპის საჭიროება. როდესაც დადგება დრო, რომ გააკეთოთ გარკვეული რედაქტირება, თქვენ უნდა განიხილოთ ეს პროცესი, როგორც ცალკე ეტაპი რამდენიმე მიზეზის გამო.

პირველი, არ არის საჭირო რედაქტირება წერის ან ჩაწერის მომენტში. Editing-ის ეტაპზე, ფოკუსირება მოახდინეთ მხოლოდ მასზე და მთელი თქვენი ყურადღებაც აქეთკენ მიმართეთ, რათა არ დაკარგოთ განწყობა ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს შესწორების მიზნით გაჩერდებით. რედაქტირება ერთი სრული დამოუკიდებელი ეტაპია და არ შეურიოთ ის სხვებს.

მეორეც, არ გადააჭარბოთ რედაქტირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მუსიკა გახდება ზედმეტად „დაჭრილი“ და გრძნობის გარეშე დაიწყებს ჟღერადობას. რედაქტირებაზე, სულ ტყუილად, შესაძლოა ზედმეტი ძალისხმევა დახარჯოთ, ვიდრე საჭირო იყოს თქვენი მუსიკის ლაივ შესრულებისთვის, ამიტომ კარგად დაფიქრდით რას არედაქტირებთ და რას ეხებით.

როცა დადგება რედაქტირების დრო, მოეპყარით ამას ძალიან ფრთხილად და ეცადეთ „არ დააზიანოთ“ კარგი მონაკვეთები. თუ კარგად ჟღერს, მაშინ მას არ სჭირდება რედაქტირება. ამ ეტაპის მიზანია მთლიანობაში შესრულება რაც შეიძლება კარგად ჟღერდეს, მეტი არაფერი.

Mixing - მიქსინგი

ბევრისთვის სწორედ აქ იწყება ნამდვილი გართობა. თქვენ უკვე დაწერეთ მუსიკა, ჩაწერეთ ინსტრუმენტები და ახლა დროა დაჯდეთ, დაისვენოთ და ეს ნაშრომი შედევრად აქციოთ. მიქსინგის სრულყოფილად ცოდნა ხელოვნებაა და მას წლების მანძილზე სწავლა და პრაქტიკა სჭირდება, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ, თამამად გადადგით ნაბიჯი, გადაეშვით მიქსინგის უსასრულობაში და დაიწყეთ შესაძლებლობების აღმოჩენა.

მიქსინგი არის პროცესი, რომელიც აერთიანებს, ერთმანეთში ურევს (Mix) ყველა თქვენ მიერ ჩაწერილ ინსტრუმენტს. კარგი ნაზავი საშუალებას მოგცემთ მოისმინოთ თითოეული ხმა ნათლად და დეტალურად. მათ უნდა მიანიჭოთ სიღრმე და შინაარსი.

Mixing მართლაც ცალკე სამყაროა და ბევრი ადამიანი ირჩევს ფოკუსირებას მუსიკის შექმნის პროცესის მხოლოდ ამ ასპექტზე. ადამიანი, რომელიც აკეთებს Mix-ს, ჰგავს ორკესტრის დირიჟორს, სადაც ზუსტად უნდა გადაწყვიტოს, როგორ იჟღეროს ყველაფერმა: რომელი ინსტრუმენტები იქნება სხვებზე ხმამაღალი, სად იქნება სტერეო საუნდი, სად მონო, რა ეფექტები იქნება გამოყენებული და როდის.

მიქსინგის პროცესის დროს მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა შესაძლოა ათასობით იყოს. საბოლოო შედეგს აქვს უზარმაზარი გავლენა თქვენი მუსიკის ინტერპრეტაციაზე. კარგი ნაზავი დაეხმარება ხალხს დააფასონ თქვენი მუსიკა და ჩათვალონ ის გენიალურად.

პირველი ნაბიჯი, აუცილელბად არის ყველა ხმის დარეგულირება, რათა კარგად ერწყმოდნენ ისინი ერთმანეთს. დაიწყეთ ამით და რაც უფრო კარგად გააკეთებთ ამას, მით უფრო მეტი კონტროლი გექნებათ დასრულებულ მიქსზე და საბოლოო ჟღერადობაზე.

მიქსინგი ფოსთ ფროდაქშენის კურსი 



 Mastering - მასტერინგი

მასტერინგი ტრადიციულად განიხილება, როგორც დამოუკიდებელი ეტაპი, მაგრამ ბევრი პროდიუსერისთვის ის უბრალოდ გახდა მიქსინგის ეტაპის ბოლო ნაწილი. მაინც სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი.

ალბომის ჩაწერისას, შემსრულებლები, ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სტუდიებს, პროდიუსერებსა და ინჟინრებს. შედეგი არის ის, რომ მასტერინგის შემდეგ ყველა ტრეკი იჟღერებს თანმიმდევრულად, ასე ვთქვათ თითოეული მათგანი ალბომის ნაწილი გახდება.

კარგ მასტერ ინჟინერს აქვს უნაკლო ყურები და აღჭურვილობა, რომ გამოასწოროს მიქსში არსებული ნებისმიერი მცირე ხარვეზიც კი, რომელიც შესაძლოა გამორჩენილი იყოს. ის ასევე აამაღლებს ყველა ტრეკის ხმის დონეს და მათ უფრო გამოკვეთილს და თანაბარს გახდის.

მასტერინგი საბოლოო მიქსის ჟღერადობას უფრო ზუსტს ხდის – რაც იმას ნიშნავს, რომ ის ასწორებს ხმას დაკვრის სხვადასხვა სისტემებისთვის.

თუ არტისტს საკმარისი ბიუჯეტი არ აქვს მასტერ ინჟინრისთვის, ამ ნაწილზეც თავად უწევს მუშაობა.

მოკლედ, მუსიკის წარმოება უბრალოდ მუსიკის შექმნის პროცესია და მეტი არაფერი. რაც უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს ამ პროცესში, მით უფრო გაგიადვილდებათ საბოლოო შედეგის მიღწევა და სასურველი ჟღერადობის მიღება.

მუსიკის შესაქმნელად, უპირველესად სწავლა და შემდეგ ვარჯიშია საჭირო, თუმცა ნებისყოფას და ფსიქოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.


ავტორი: ნიკა ბაძაღუა

თეგები:

Ableton Live

მუსიკის წარმოება

არანჟირება

მასტერინგი

ხმის ჩაწერა

ableton live -ის ინტენსიური კურსი

-5%

303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით. ჩვენს . . .

MIXING IN A BOX

-5%

კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .

Music Theory

კურსის განმავლობაში, თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობებით ისწავლი მაჟორულ-მინორულ სისტემას, საბაზისო . . .

საუბრები კურსდამთავრებულთან საკუთარი შემოქმედების შესახებ - ზვიად სარია

მთავარი ფილოსოფია და პირველი სიყვარული არის პროდიუსინგი. მუსიკის შექმნა, იდეები რომლებიც მომდის, ამ ყველაფრის დაკავშირება გრძნობებთან, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და მოგონებებთან. რაც შეეხება DJ პერფორმანსს, ჩემი ერთ-ერთი მიზანია მე თვითონ წარვუდგინო ხალხს საკუთარი ტრეკები DJ სეტის მეშვეობით, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევ,

როგორც ამერიკაში არის Hip-Hop Battle, ჩვენთან არის ფუნაგორიები და შაირები - ერეკლე დეისაძე

ხელოვნება ჩემთვის კომფლიქტია და იმ პრობლემების ძიება, რომელიც ლანგარზე მორთმეული არ მოაქვთ, რომ ამაზე კომენტარი გააკეთო. ეს პრობლემა შენით უნდა ეძებო და იპოვო ის რაც არასდროს შემოუთავაზებიათ, ამოიყვანო დამალული სოროდან და დისკუსია აწარმოო.

ხმა კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც ემოციებით და ენერგიითაა დატვირთული - ლუკა დავითაძე

ალბათ ყველაზე მთავარია გიყვარდეს შენი საქმე . თუ არ ზრუნავ შენს თავზე, არ ზრუნავ მსმენელზე. შენი ხელწერა უნდა გქონდეს, რაღაც განმასხვავებელი, რაც გამოგარჩევს სხვებისგან. იყო მომენტი, როცა მეგონა იმით იფარგლებოდა ეს სფერო, რაც ვიცოდი, მაგრამ ამბიციების და ახალი აფეთქებების მომენტი იყო 303ში მოსვლა . გასაქანი მომცა აქ მიღებულმა ცოდნამ , გამოცდილებამ და ურთიერთობებმა.