განსაკუთრებული კავშირი მუსიკასთან - ხატია იობაძე
ოჯახიდან გამომდინარე, მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან იყო. მამაჩემმა დიდი გავლენა იქონია ჩემს გემოვნებაზე. მართალია პროფესიის არჩევისას არც ერთი ჩვენგანი ამ სფეროს არ გავყოლილვართ, თუმცა ინტერესი და სიყვარული მუდმივად გვქონდა. წლებია ფინანსურ სფეროში ვმუშაობ, გუნდის ლიდი ვარ ერთ-ერთ კერძო კომპანიაში. დაახლოებით ორი წლის წინ მოვისმინე პოდკასტი, სადაც ჩემი საყვარელი დიჯეი Jane Fitz ყვებოდა თავის ისტორიას მუსიკალური გზის შესახებ. წამიერად გამეხსნა გონება და დავფიქრდი, რომ არასოდეს არ არის გვიან, ხომ შეიძლება მეც ვიყო ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მსმენელამდე მიიტანოს მუსიკა. მივხვდი, რომ რასაც მე ვუსმენ და ვიწრო წრეში ვუკრავ ფართო მასებისთვისაც შემიძლია გავაკეთო. კონტროლერი შევიძინე და მეთვითონ დავიწყე სწავლა. პროცესი იმდენად საინტერესო და კარგი აღმოჩნდა, ამავდროულად არასაკმარისი, რომ დავიწყე ელექტრონული სკოლის ძიება და მეგობრების რეკომენდაციით მოვხვდი 303 Hz-ში.

პირველი ინტერაქცია ელექტრონულ მუსიკასთან მოხდა მაშინ, როდესაც სიდი ფლეერზე The Prodigy-ის გამიქსვას ვცდილობდით მე და ჩემი მეგობრები. სიდი ფლეერებს ერთდროულად ვრთავდით, რომ ბითი დაგვემთხვია. The Prodigy-ის გავლენა ახლაც ძალიან დიდი მაქვს. მერე 2010-იანებში ბერლინში დავიწყე სიარული, კლუბების გააქტიურებასთან ერთად აუდიტორიის აქტიური წევრი ვიყავი. მაშინ არც მქონია მცდელობა რამე გამეკეთებინა. ჩემი ინსპირაცია არის ის ადამიანები, რომლებსაც ვუსმენ აქტიურად, როგორც პერფორმერები ასევე პროდიუსერები, მათ შორის ქართველებიც საკმაოდ ბევრნი არიან.
ძალიან მნიშვნელიოვანი იყო ჩემს მუსიკალურ განვითარებაში 303 Hz. აქ გაიღო ელექტრონული მუსიკის კარი. უდიდესი ემოციაა როდესაც შენს გამიქსულ მუსიკას აწვდი აუდიტორიას. ეს დიდი ენერგიაა ჩემთვის. თურმე ძალიან მაგარი ყოფილა ამ პროცესში ჩართვა. მე აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ კლუბში დამეკრა, უბრალოდ მინდოდა მესწავლა. ეს არ ყოფილა, მხოლოდ ცოდნის გაზიარება. თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ამიმაღლეს. დავამარცხე შიში, როცა რაღაცას ვერ ბედავ, ვერ წყვეტ, მერყეობ. შესაძლებლობა მომცცეს, დამაკვრევინეს Plus One-ში. მართლა საოცარი გამოცდილება იყო ჩემთვის. მთელ ამ ჯაჭვში, როდესაც ძალაინ ბევრ მუსიკას ვუსმენ, დღის მანძილზე შეიძლება ორასამდე მოვისმინო, ვარჩევ და ხალხთან მიმაქვს, 303 Hz-ის დამსახურებით ამას თავდაჯერებულად ვაკეთებ. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა რადგან ეს პროცესი ბედნიერებას მანიჭებს.

ჩემი მუსიკალური სტილი არის ურთულესი რაღაც. ჩემნაირ პერფორმერებს ქვიათ versatile, რადგან საკმაოდ მრავალმხრივი ინტერესები მაქვს. მოსაბეზრებელია და ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ერთ ჟანრში. შეიძლება ჟანრი სეზონურადაც კი შემეცვალოს. ვუკრავ ტექ ჰაუსს, ბრეიკ ბიტს, დარკ დისკოს, ბოუნს მიდ ტემპოს, ელექტროს და ოლდ სქულ ტექნოსაც. საკამოდ რთულია, ერთ ჟანრთან შედარებით. თანაც, სეტში არ უნდა დაიკარგოს სტილისტიკა, ჟღერადობა. ახლა ვცდილობ გამოცდილება დავხვეწო, გახსნილი ვარ სიახლეებისთვის. ჩემმა მენტორმა, კოტე ჯაფარიძემ დამანახა, რომ ვინილებზე დაკვრა უბრალოდ ტექნიკა ან ფორმატი არ არის - ეს არის რიტუალი, განსაკუთრებული კავშირი მუსიკასთან, რომელსაც სრულიად სხვა განზომილებაში გადაყავხარ. წლებია კოტე ჩემთვის გამორჩეული დიჯეია - მისი მუსიკალური გემოვნება, ვინილებთან ოსტატური ურთიერთობა და აუდიტორიასთან მყარი კავშირი ჩემზე უდიდეს გავლენას ახდენს დღემდე. მასთან ერთად back 2 back დაკვრა, იყო არამარტო პატივი, არამედ დიდი შთაგონება - ეს არის ენერგიის გაცვლა, სიხარული და თავისუფლება, როცა ორ ადამიანს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმის და მუსიკით საუბრობენ. ასე მოვხვდი ფანი გოგონა მის გვერდით, როგორც არტისტი.

საბოლოოდ ვფიქრობ, რომ გემოვნება ადრეული წლებიდან ყალიბდება, მნიშვნელოვანია რა მუსიკალური კულტურაა სახლში, სამეგობროში. დასაწყისშიც ვახსენე, რომ ჩემთან ოჯახმა ძალიან დიდი გავლენა იქონია. რაც შეეხება კარგ სეტს, უნდა იყოს მრავალფეროვანი, ყვებოდეს ამბავს, უნდა გამოგზაუროს. ჰქონდეს განვითარება, პიკით და შინაგანი დრამატურგიით. ამ ეტაპზე დავუკარი ფრანქფურტში/მეინცი საოცარი გამოცდილება იყო. სეტი გავაგზავნე და ამარჩიეს, მხარს უჭერენ დამწყებ დიჯეებს. მართლა ძალაინ დამწყები ვარ და ისეთ სივრცეებში აღმოვჩნდი ცოტა წამროუდგენელია.
ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება უკვე ავიხდინე — მაქვს საკუთარი პატარა სახლის სტუდია, სადაც ყოველდღიურად ვვითარდები, ვსწავლობ და უნარების დახვეწაზე ვმუშაობ. ჩემს მიზნებში არ შედის ვიყო აქტიური დიჯეი ყველაფრის ფასად. თვითგანვითარებას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ, ამის გამო მიწევს უარის თქმა გარკვეულ შემოთავაზებებზე. ჩემთვის მთავარია ტექნიკურად და სტილისტურად ისეთ დონეს მივაღწიო, რომ შევძლო დაკვრა იმ სივრცეებში, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანი და ავტორიტეტულია. ამ გზაზე არ ვჩქარობ — ნაბიჯ-ნაბიჯ, გულწრფელად და საკუთარი ტემპით მივდივარ.