Mentor Session: Ika Berdzenishvili
გახსოვს პირველი გამოცდილება, როცა მიხვდი რომ დიჯეინგი იქნებოდა შენი მთავარი პროფესია? როგორ იცვლებოდა შენი სტილი წლების განმავლობაში და როგორ იპოვე საკუთარი თავი?
ელექტრონულ მუსიკასთან ჩემი პირველი შეხება რეალურად ვიდეოთამაშებიდან დაიწყო. მაშინ ამას ვერ ვაანალიზებდი, მაგრამ როგორც ჩანს, ის ხმები ძალიან ჩამრჩა მეხსიერებაში. მერე იყო ჰიპ-ჰოპი. დაახლოებით 13–14 წლის ვიყავი, როცა გარეთ გასვლა და კლუბებში სიარული დავიწყე. მაშინ დიჯეინგს როგორც ცალკე ხელოვნებას ვერც აღვიქვამდი, უბრალოდ ვუსმენდი მუსიკას. არ ვიცნობდი დიჯეებს, არც აპარატურა მქონდა, სიდებზე ხომ ზედმეტია საუბარი, თან მაშინ ყველაფერი ლეპტოპით კეთდებოდა. რამდენიმე ადამიანთან ერთად, პატარა ივენთების გაკეთება გადავწყვიტე. 2010-2011 წლებში თ
ბილისში ვუკრავდი, 2012-ში კი ნიუ იორკში გადავედი სადაც 18 წლის ასაკში ნამდვილი მოგზაურობა დაიწყო მუსიკის და ფირფიტების სამყაროში. წლების განმავლობაში ბევრ ჟანრს გავეცანი და ვუკრავდი. ახლაც, რომ გადახედოთ ჩემს ფირფიტების თაროს ყველანაირ მუსიკას იპოვით, სწორედ ეს არის იმ მოგზაურობის ამსახველი ფაქტი, რომელიც ალბათ არასდროს დამთავრდება. თავიდან ნიუ იორკში მარტო დავდიოდი ივენთებზე, იყო ნიუ იორკ ჰაუსის პერიოდიც, დაბსტეპის, უფრო იუქეი ჟღერადობის და კიდევ სხვა ბევრი. შემდეგ კი გავიცანი თანამოაზრეები, ყველას რაღაც გარდატეხის პერიოდი გვქონდა ახალ ჟღერადობაზე და დავიწყეთ ჩვენით ფართების კეთება ნიუ იორკში. ეს ყველაფერი ჯერ Small Moves-ამდე ხდებოდა. შემდეგ თბილისში დაბრუნებამ და მისმა ჩამოყალიბებამ კიდევ უფრო დიდი ბიძგი მოგვცა. ბოლოს ამ ყველაფერს მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობებიც დაემატა. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი - როდესაც შენი საყვარელი საქმით მოგზაურობ, ახალ ადგილებს აღმოაჩენ, მსოფლიო მასშტაბით შენს თანამოაზრეებს ხვდები, რომლებიც მთელი ცხოვრება შენს მეგობრებად რჩებიან. დღეს ოცდათხუთმეტ ქვეყანაში მაქვს დაკრული, სწორედ ეს მოგზაურობები და ახალი შეგრძნებები გაძლევს სტიმულს არ გაჩერდე. რათქმაუნდა მუსიკის სიყვარული უპირველესია. როგორც აქამდე ვახსენე ბავშვობიდან გაუაზრებლად დაიწყო ეს ყველაფერი და მოვიდა იქამდე სადაც ახლა ვარ. ყველაფერს დრო სჭირდება, მითუმეტეს მუსიკის გაცნობას, მთავარია ყური ვითარდებოდეს. ნიუ-იორკმა ამაში უზარმაზარი როლი ითამაშა, ფირფიტების მაღაზიები, ძლიერი მუსიკალური კულტურა, დარწმუნებული ვარ, იქ რომ არ წავსულიყავი, ასე სწრაფად და ასე ბუნებრივად ვერ განვვითარდებოდი.
“Small Moves”- იდეა, რომელიც შენს სახელთან ასოცირდება, მოგვიყევი მისი ისტორია და სამომავლო გეგმები.
სულ მინდოდა, ჩემს ქალაქში ფირფიტების მაღაზია ყოფილიყო. იდეა თავიდანვე ეს იყო, უცხოეთიდან ჩამოგვეტანა ის მუსიკა, რომელიც აქ არ შემოდიოდა. მანამდე თავადაც ვმუშაობდი რეკორდ შოპში და კარგად ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი სივრცეა მუსიკალური კულტურისთვის. Smallmoves პირველი მაღაზიაა, რომელიც მთლიანად სექენ ჰენდ ფირფიტებზე, იაფ და ხელმისაწვდომ ფორმატზე იყო ორიენტირებული. ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდებოდა ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებას. მგონია, რომ იმ პერიოდში რეალურად მივეცით ბიძგი ბევრ ადამიანს. Smallmoves იყო შესაძლებლობა, შეხებოდნენ დიდ კოლექციას, მოესმინათ და ეპოვნათ საკუთარი თავი. დღემდე მხვდებიან ადამიანები, რომლებსაც იქ ნაყიდი ფირფიტები ისევ აქვს. ოთხი წელი ვიმუშავეთ, ბევრი სირთულე გადავლახეთ, მე და ჩემი პარტნიორი ყველაფერს ჩვენით ვაფინანსებდით. ფირფიტების ყიდვისას, ვფიქრობდით ადამიანებზე და ვიცოდით ეს ვიღაცას აუცილებლად გაუხარდებოდა. სამწუხაროდ, მოგვიწია დახურვა, მაგრამ ეს ისტორია აქ არ მთავრდება.

ვგეგმავ, რომ მომავალში Smallmoves ისევ გახდეს მუსიკისა და ვინილის მოყვარულთა შეკრების და ახალი აღმოჩენების ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სივრცე იყო, ჩემთვის კი შეგრძნება, რომ რაღაც რეალური გავაკეთე. შევქმენი ადგილი, რომელმაც ვიღაცებს მოტივაცია მისცა და სცენაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა.
როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს დღეს ვინილ კულტურის შენარჩუნებას ელექტრონული მუსიკის სამყაროში, სადაც ყველაფერი ციფრულია?
საწყისი და ნამდვილი დიჯეინგი სწორედ იქედან მოდის. ფირფიტებთან ურთიერთობა გაიძულებს, ცოტა მაინც „დაივიწყო“ ციფრული სამყარო და ჩაყვინთო ისეთ მუსიკალურ სივრცეში, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ამოწურავ, იმდენი მუსიკაა და იმდენად დიდი სამყაროა. ყოველთვის ვეუბნები ყველას, მათ შორის საკუთარ თავსაც: შეიძლება ფირფიტაზე არ უკრავდე, მაგრამ აუცილებლად უნდა მოუსმინო და გაეცნო. ეს არის ცალკე კულტურა, თავისი სიღრმითა და ისტორიით.
სიამოვნებით ვიცხოვრებდი 90-იანებში, პირველი შეგრძნებები როცა პირველად ისმენ ჟანრს მგონია, რომ სხვა ემოცია იქნებოდა. დღეს ყველაფერი ძალიან ხელმისაწვდომია და მუსიკის დიდი ნაწილი პოპ-ინდუსტრიად არის ქცეული, რაც ხშირად ჩრდილავს ნამდვილ აღმოჩენებს. ინტერნეტი ბევრ რამეში დაგვეხმარა, მაგრამ რაღაცებიც წაგვართვა, განსაკუთრებით ის მოლოდინი და აღმოჩენის პროცესი, რაც ადრე ჰქონდა მუსიკის მოსმენას. მიუხედავად ამისა, ვინილების კულტურა მაინც ინარჩუნებს თავის ძალას და მნიშვნელობას.
იკა ბერძენიშვილი როგორც მენტორი და რჩევა რომელსაც დამწყებ არტისტებს მისცემდი.
დიდხანს ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა მენტორობას და ვიქნებოდი თუ არა კარგი მასწავლებელი. თუმცა, როგორც კი სწავლება დავიწყე, უკვე მეორე-მესამე გაკვეთილზე მივხვდი, რამდენად მომწონდა ეს პროცესი. ნაბიჯ-ნაბიჯ დავრწმუნდი, რომ ცოდნის გადაცემა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა და ამას გულით ვაკეთებ. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებამ სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ვხედავ სტუდენტები როგორ ვითარდებიან, თავს კომფორტულად და სახლურად გრძნობენ, რაც სწავლების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის. მე ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ ინდუსტრიის ჩარჩოებში არ ჩაიკეტონ, არ დაკარგონ ინდივიდუალიზმი. ვუხსნი ჟანრებს, მიმართულებებს ვაჩვენებ, მაგრამ არჩევანის თავისუფლებას ყოველთვის ვუტოვებ, ეძებონ და იპოვონ საკუთარი თავი მუსიკაში.
ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევ ძიების პროცესს, განსაკუთრებით ფირფიტების სამყაროს. ყოფილა შემთხვევა, როცა ფირფიტებზე დაკვრას საერთოდ არ გეგმავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად კარგად გამოსდიოდათ და პირიქით. თუმცა ყველას ვეუბნები - შეიძლება ვინილზე დაკვრასაც არ აპირებდე, მაგრამ ძიება მაინც აუცილებელია, რადგან შეიძლება ისეთი აღმოჩენები გქონდეს, რასაც ციფრულ მუსიკაში ვერ ნახავ.