ჩვენ აღმოვაჩინეთ უნიკალური საშუალება ემოციების გამოსახატად- მია მიქელაძე & მარიამ ავალიანი
მარიამი- ჩვენ მსახიობები ვართ, ერთმანეთი ერთ-ერთი სპეკტაკლის რეპეტიციაზე გავიცანით და მიუხედავად კარგი კომუნიკაციისა და საერთო სამსახიობო ინტერესებისა, მაინც მუსიკამ დაგვაახლოვა. მგონია, რომ მიაზე კარგი შემფასებელი ვერ მეყოლება. ყოველთვის მოტივაციას ვაძლევდით ერთმანეთს და ამან მოგვიყვანა 303 Hz- ში, სადაც გავიარეთ Music Production-ის კურსი და ვისწავლეთ მუსიკის წერა .
მია - ჩვენი მენტორი, ლაშა ნიკოლეიშვილი გვეუბნებოდა, რომ ძალიან ვჩქარობდით. ისე ხდებოდა, რომ დავალებას ვიწყებდით და "შემთხვევით" მთლიანი ტრეკი გვეწერებოდა. არაპროფესიონალურად, მაგრამ გულით და ინსპირაციით ეს ტრეკები თავისით იწერებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დიჯეინგი გვაინტერესებდა, მთავარი სურვილი მაინც მუსიკის შექმნა იყო - ჩვენ აღმოვაჩინეთ უნიკალური საშუალება ემოციების გამოსახატად. ეს ყველაფერი კურსის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.

მარიამი - პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრების მთავარი როლი დედობაა. მუსიკა კი ჩემი დიდი სიყვარული. ჯერჯერობით, თავს მუსიკოსს ვერ ვუწოდებ - მგონია, რომ ამ გზას თავისი საფეხურები აქვს და მე მხოლოდ დასაწყისში ვარ.
ვთამაშობ სპექტაკლებში, სცენა ჩემი მთავარი გამოხატვის საშუალებაა. სწორედ სცენაზე ყოფნის გამოცდილებამ გამიჩინა სურვილი, რომ ჩემი პროფესია და მუსიკა ერთ მთლიანობად მექცია. მინდა რაღაც ისეთი შევქმნა, სადაც ორივე ერთნაირად ცოცხლობს.
ჯერ ბოლომდე არ ვიცი, ეს სურვილი ჩემი მომავლის გზის დასაწყისია, თუ მხოლოდ ძლიერი ემოცია, რომელიც ახლა მაქვს. მაგრამ იმდენად მძაფრად ვგრძნობ ამას, რომ ღირს ამ სურვილს გავყვე და ვნახო, სად მიმიყვანს.

მია- დაბადებიდან ყველა დარწმუნებული იყო, რომ ხელოვანი ვიქნებოდი და დღემდე ამ რწმენით ვსაზრდოობ.
ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ვცადე თავი. მაგრამ საბოლოოდ მსახიობობა აღმოჩნდა ის, რაც მართლა მაძლევს ენერგიას, ძალას და საკუთარი თავის რწმენას. ეს სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ჩემზეა მორგებული. სანამ მსახიობობა ჩემს პროფესიად იქცეოდა, მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი. დღესაც ვფიქრობ, რომ კლასიკურ მუსიკაზე მაღლა არაფერი დგას - და ეს გავლენა იგრძნობა იმ ნამუშერბში, რასაც ახლა ვქმნი, თუნდაც ელექტრონული ჟანრის მიმართულებით. ჩემთვის ეს ორი სფერო ერთმანეთს ავსებს. მსახიობობამ მასწავლა დაკვირვება - ადამიანებზე, ემოციებზე, ცხოვრებაზე. დამეხმარა მუსიკის სხვა კუთხით დანახვაში და გაცნობიერებაში, არცერთი სფერო იზოლირებულად არ არსებობს.
ხელოვნებაში ყველაფერი სინთეზშია. სწორედ აქ ვხედავ ჩემს მომავალსაც - გზაზე, რომელიც ორივეს აერთიანებს.
მარიამი- ძალიან დიდი იყო სურვილი და ინტერესი ამ სფეროში ყოფნის და გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომელიც მოულოდნელად მოგვეცა. მიუხედავად იმისა, რომ ერთად დავიწყეთ და ეს ჩვენთვის კომფორტის ზონაა, არ გამოვრიცხავთ სამომავლოდ ცალ-ცალკეც დავუკრათ. ჩვენი მიზანია ხარისხიანი სელექცია გვქონდეს, რაც თავისთავად იტყვის ჩვენს სათქმელს.