"დღეს არ ვყოფ მუსიკას ჟანრებად" - BONJOURLAN
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში მაშინ დაიწყო, როდესაც მეგობრის რეკომენდაციით 303 Hz-ში მოვხვდი. კურსის დაწყებისას, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სწრაფად მომეცემოდა შესაძლებლობა, სცენაზე დავმდგარიყავი. ახლაც მახსოვს თითოეული დეტალი, როდესაც პირველად 303 Hz-დან დამირეკეს. მენტორმა რეკომენდაცია გაგიწიათ და ხომ არ დაუკრავდით Plus One-შიო. ბევრ კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს, ბათუმში მივდიოდი და სხვა საკითხებზე ვიყავი ორიენტირებული. კურსის გავლის შემდეგ ძირითადად შენ გიწევს ძებნა სივრცეების, სადაც დაკვრას შეძლებ, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. როცა ვუყურებ ამ გადაწყვეტილების შედეგებს, ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი გამოვიყენე, თანაც დღეს ძალიან ბევრი კარგი შემოთავაზება მაქვს.

მუსიკასთან ჩემი ურთიერთობა დაახლოებით დაბადებიდან დაიწყო. ოჯახიდან გამომდინარე, დედაც მუსიკოსი იყო, ამიტომ ბავშვობიდანვე ეს გარემო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. კონსერვატორია დავამთავრე და, როგორც უმრავლესობა, მეც კლავიში ავირჩიე ინსტრუმენტად. მასთან ფაქიზი და განსაკუთრებული სენტიმენტები მაქვს. ჩემი მასწავლებელი ფიქრობდა, რომ უნდა გავყოლოდი ამ სფეროს, თუმცა მომწონს ის, რასაც ახლა ვაკეთებ. როცა ვსაუბრობ ჩემს საყვარელ ჟანრზე, პირველ რიგში, ჯაზი მახსენდება. მის გავლენას ვგრძნობ და ვიცი, რომ ჯაზის ინტეგრაცია ელექტრონულ მუსიკასთან ჩემთვის სრულიად ბუნებრივია.

დღეს არ ვყოფ მუსიკას ჟანრებად, მუსიკა არის იმ ყველაფრის ერთობლიობა სადაც შენ შეგიძლია ჟანრებში ისეთი ბალანსი დაიჭირო, რომ იპოვო სამყარო. ჩემი ინსპირაცია თვითონ მუსიკაა, ბედნიერი ვარ თუ მოწყენილი ის ჩემი მეგზურია, მის გარეშე არ წარმომიდგენია არცერთი ემოციის განცდა.
ახლა მოვედი სეტის ჩასაწერად. ეს ჩემი პირველი სეტია და ძალიან მნიშვნელოვანია. მე ის ადამიანი ვარ, ვისშიც ხელოვნების თითოეული დარგი აღძრავს ინტერესს. თითქოს ყველგან ვპოულობ ჩემს თავს. ჯერ ყველაფერი არ მიცდია, მაგრამ ის, რაც ვცადე, საქმიანობად იქცა და ცხოვრების ნაწილს იკავებს.
303 Hz-ში სწავლა საოცარი გამოცდილება იყო – იმ არტისტების ერთ სივრცეში ნახვა, რომლებიც მიყვარს და ვუსმენ. უშუალოდ ჩემს მენტორ სუმოსთან მუშაობის ნაწილს გამოვყოფ. კურსს რაც შეეხება, საკმაოდ ამომწურავი იყო. ჯერ ვინილებით დავიწყეთ, და ეს კიდევ ერთი ახალი აღმოჩენაა. მომწონს ის, რომ სწრაფად გავიარე DJing-ის კურსი, მაშინ როდესაც დრო ძალიან აჩქარდა, და ჩვენც სწრაფად გვინდა შედეგის დანახვა. სტუდენტებს ვურჩევ, რომ არ დაიზარონ ახალი მუსიკის მოძიება და ამ პერიოდშივე მოვიდნენ სავარჯიშოდ. ვარჯიში და თავისუფალი საათები გეხმარება განვითარებაში, თანაც გაქვს შესაძლებლობა მენტორთან გაიარო ის დეტალები, რისი სწავლაც უფრო მეტად გინდა. ჩემი ცხოვრებისეული მიდგომაა – არა სიზარმაცეს! მოინდომონ, რადგან ძალიან კარგი შანსი ეძლევათ განვითარდნენ.

მე კი ჩემს ცხოვრებას ვუკავშირებ ხელოვნებას და მუსიკას. ვმუშაობ ჯაზ კლუბ/გალერეა Arteria-ში, ვაკეთებ საღამოებს, ივენთებს, ვგეგმავ გამოფენებს. ჩემი სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ სფეროს უკავშირდება, მაგრამ რადგან დავიწყე დაკვრა და ჯერ მხოლოდ შვიდი ლაივი მქონდა, ვაპირებ რომ ამ მხრივ ეს წელი განვითარების და წარმატების პერიოდად ვაქციო. ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს და მადლობა 303Hz-ს ამისთვის.
ვფიქრობ წინ ჯერ კიდევ ბევრი სიახლე მელოდება.