Mentor Session - Sumo შოთიკო წვერავა
როდის გაჩნდა შენს ცხოვრებაში ელექტრონული მუსიკა და როგორ გახსენდება ის პერიოდი, როდესაც თბილისში საკლუბო ცხოვრება იწყებოდა?
2000 წლიდან ელექტრონულ მუსიკას აქტიურად ვუსმენდი, პირველად ლაივში დიჯეი სეტს Music Hall-ში ჟორჟიკას და ბაჯუს მოვუსმინე. მაშინ ერთადერთი სკოლა იყო Louder-ი, სადაც გავიარე ორ თვიანი კურსი, ნელ-ნელა ფირფიტების შეგროვება და მუსიკის მოძიება დავიწყე. ყველაფერი მუსიკის სიყვარულიდან გამომდინარე ხდებოდა, ამას როგორც პროფესიას არასოდეს არ ვუყურებდი. დღეს სცენაზე უამრავი არტისტია, მაშინ ნაკლები ადამიანი უკრავდა, კლუბიც სულ ორი-სამი არსებობდა, ამიტომ დღევანდელივით კონკურენცია ნამდვილად არ იგრძნობოდა. პირველი დეითი მქონდა Seven Club-ი იყო 2004 წელს, მერე იყო Switch-ი რის შემდეგაც ყველაფერი უკვე ბუნებრივად, თავისთავად განვითარდა. რაც შეეხება ჩემს სასცენო სახელს მე და ჩემს ძმას ბავშვობიდან, “სუმოებს” გვეძახდნენ. ახლა ის მორაგბეა, მე კი ეს სახელი სასცენოდ დავიტოვე.
შენი დამოკიდებულება ვინილის მიმართ განსაკუთრებულია. საიდან მოდის ეს გატაცება და როგორ ახერხებდი იმ წლებში საქართველოში ფირფიტების შოვნას.
ბავშვობიდან სახლში უამრავი ფირფიტა მქონდა, ამიტომ მუსიკასთან ასე თუ ისე სულ მქონდა წვდომა. მერე ვინილზე დაკვრა ვისწავლე და ყველაფერი ბევრად უფრო გამიმარტივდა. იმ პერიოდში საქართველოში საერთოდ არ არსებობდა ვინილ შოფი, ფირფიტებს ბრიტანეთიდან ვიწერდი. გამოწერაც საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მიხო მეხმარებოდა მაისურაძე. ხანდახან 2-3 თვეც კი მიწევდა ლოდინი. როცა მათი შეგროვება დავიწყე, ეს სიყვარული კიდევ უფრო გამიღრმავდა. ზოგადად, როცა ვინილის მხოლოდ რამდენიმე ქოფი გამოდის და დიჯიტალ ვერსიაში საერთოდ არ არსებობს, ძალიან გინდა, რომ ეს ფირფიტა გქონდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა შენი საყვარელი ჟანრია. მაშინ, ბევრი ძალიან კარგი მუსიკა მხოლოდ ფირფიტაზე იპრესებოდა. თვითონ რექორდების ძიების პროცესსაც თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. დაკვრის თვალსაზრისითაც, ფირსაკრავსა და ციფრულ ფორმატს შორის განსხვავება ძალიან დიდია. ვინილ სეტში ბევრად უფრო ჩართული ხარ, პროცესი უფრო ცოცხალია და საინტერესო. აქ სრულად სმენაზე ხარ დამოკიდებული.
წლების განმავლობაში ღამის ცხოვრება და დატვირთული გრაფიკი დიდ ენერგიას მოითხოვს. როგორ ინარჩუნებ მოტივაციას დღეს და როგორ შეცვალა დრომ საკლუბო გარემო?
მოტივაცია ბევრ რამეზეა დამოკიდებული: კლუბზე, ხალხზე, გარემოზე, ხასიათზე და ზოგჯერ ცოტა ალკოჰოლზეც. ამდენი წლის განმავლობაში ღამეების თენებას თავისი გამოცდილება მოაქვს. დღეს უკვე ვცდილობ, ყოველი ვიქენდი არ ვიყო დატვირთული, თუმცა თვეში ორი-სამი გათენება მაინც მიწევს. ამასთან ერთად, მსმენელიც ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა. დღეს ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია. ადრე, თუ ვინმე იშვიათ მუსიკას უკრავდა, დიდი შანსი იყო, ვეღარასდროს მოგესმინა ის ტრეკი რადგან პოვნა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ახლა კი უამრავი პლატფორმაა, სადაც ნებისმიერ მუსიკას ძალიან მარტივად მოიძიებ. თვითონ კლუბიც მნიშვნელოვნად შეიცვალა, ადრე ბევრად ნაკლები ადამიანი დადიოდა, დღეს ეს კულტურა მასშტაბური გახდა და ამ ფაქტმა, თავის მხრივ დიჯეინგისადმი ინტერესი საგრძნობლად გაზარდა.

303 Hz-ის გუნდის წევრი და მენტორი ხარ. რას ნიშნავს შენთვის ცოდნის სხვებისთვის გაზიარება და რა გამოწვევებს ხედავ დღევანდელ დამწყებ არტისტებში? რამდენად მკაცრი ხარ, როცა საქმე რეკომენდაციას ან კლუბში პირველ ნაბიჯებს ეხება?
303-თან და ჩემი ურთიერთობა დაიწყო კარგად და უკვე 6 წელია კარგად გრძელდება. მენტორობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, როცა შენს ცოდნას და გამოცდილებას დამწყებ არტისტებს უზიარებ მნიშვნელოვანია, ისე მიაწოდო ცოდნა, რომ მოტივაცია არ დაუკარგო. უფრო მეტი სიყვარული უნდა გაუჩნდეთ და ზედაპირულად არ შეხედონ ამ საქმეს. როგორც აღვნიშნე, დღეს ყველაფერი ბევრად მარტივია,დიჯეინგის სწავლაც, ტექნიკაზე ხელმისაწვდომობაც. უამრავი სკოლა და სტუდია არსებობს, მაშინ როცა ადრე მხოლოდ ფირსაკრავი და სდჯ-100 იყო. ბევრსაც უფრო სწრაფად უნდა სცენაზე გასვლა და დაკვრა, ვიდრე სიღრმისეულად გარკვევაა. საიდან მოდის ეს კულტურა, როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორ უნდა ეძებო და გაიაზრო მუსიკა დიდად არ აინტერესებთ. საკმაოდ აჩქარებულები არიან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი რეალურად მზად იყოს სცენისთვის. მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე ნაცნობია, არასდროს გამიწევია რეკომენდაცია. თუ ვამბობ, რომ მზად არის, ესე იგი მართლა მჯერა მისი. კლუბში რომ მიხვალ და ვერ დაუკრავ, ეგ უკვე ძალიან უხერხული მომენტია როგორც შენთვის, ისე სხვებისთვის. დამწყებ არტისტებს ერთ რამეს ვურჩევდი, ბევრი და ყველანაირი მუსიკა მოისმინონ. არ იყვნენ მხოლოდ ერთ მიმართულებაზე ფოკუსირებული. რაც უფრო ფართო მუსიკალური ხედვა გაქვს, მით უფრო საინტერესო და თავისუფალი არტისტი ხდები. ხშირად დაკვრა უდიდეს გამოცდილებას გაძლევს. ზუსტად სწავლობ, სად რა უნდა დაუკრა, როგორ წაიყვანო სეტი და როგორ იგრძნო ხალხი. ამას ემატება მუსიკალური “ბაგაჟიც” რაც მეტი მუსიკა გაქვს მოსმენილი და ნაპოვნი, მით უფრო თამამად დგახარ სცენაზე.